სახალხო დამცველი სატრანსპორტო კომპანიას მოუწოდებს განაგრძოს მოლაპარაკებები გაფიცულ მემანქანეებთან. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს არის შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ომბუდსმენი დღეს მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სატრანსპორტო კომპანია სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, მემანქანეთა უფლებებს, ომბუდსმენის აპარატი დაიცავს.
ნინო ლომჯარია იმ საკანონმდებლო აქტსაც გამოეხმაურა, რომელიც მემანქანეებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს. ლომჯარია გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.
„როდესაც გაფიცვას ეხება საქმე აბსოლუტურად კომიკურია, როდესაც გაფიცვის უფლება დასაქმებულებს ეძლევათ არასამუშაო საათებში. იმიტომ, რომ გაფიცვა გულისხმობს სწორედ სამუშაო საათებში და სამუშაო ვალდებულებების თავიდან არიდებას. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე ორივე მხარემ, დამსაქმებელმაც და დასაქმებულებმაც უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები, რადგან ეს არის ამ შემთხვევაში გამოსავალი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მეტროს მემანქანეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და უკვე მესამე დღეა შიმშილობენ. მემანქანეთა პროტესტის გამო ორი დღეა გათიშულია თბილისის მეტროპოლიტენი.