17 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ზაზა სარალიძის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა იწურება - ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა. ხვალ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით "ნუ მომკლავ!" დაიწყება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ხვალ აქციაზე მივა. მათი თქმით, აქციის ორგანიზატორები არ არიან, თუმცა, ზაზა სარალიძესა და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, სოლიდარობას უცხადებენ.

„ხვალინდელი აქცია არის საზოგადოების პასუხი ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელმაც, პრაქტიკულად, დასცინა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და იმ საზოგადოებას და პროტესტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციაზე საზოგადოების მისვლა მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ვიქნებით სოლიდარულები შვილმკვდარი მამების, რომლებმაც არა მხოლოდ შვილები დაკარგეს, ვერ მიაღწიეს სამართალს, მართლმსაჯულებას, შეულახეს ღირსება,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლებას ხალხის არ ესმის.

„ხელისუფლება არის დამუნჯებული, დაყრუვდა და თითქოს, არ ესმის, რომ ხალხი სამართალს ითხოვს. ხელისუფლება იქცევა ისე, რომ შეიძლება, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ხელისუფლება ამ დანაშაულის თანამონაწილეა,“ - განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

მოკლული არასრულწლოვანის მამამ 10 ივნისი დაასახელა ბოლო დღედ, როცა ხელისუფლებამ მისი შვილის მკვლელები და საქმის გაყალბებაში ბრალდებულები უნდა დააკავოს.

რუსთაველის გამზირზე უკვე კვირაზე მეტია, გაშლილია კარვები და ბანერი წარწერით - „ნუ მომკლავ!“

დღის ამბები