17 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"მიკროავტობუსიდან ბავშვები ცვიოდნენ" - გომბორზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე თბილისიდან კახეთში მიჰყავდა, ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულები თელავის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ერთი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

გარდაცვილი ბავშვის დედა კი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

დაშავებულების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

გომბორზე მყოფები აცხადებენ, რომ მძღოლს, სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც დამუხრუჭება ვეღარ მოახერხა.

„ზემოთ მოსახვევში, ალბათ, გადაუძვრა საბურავი, ვერ დაამუხრუჭა და გადმოვარდა და იკოტრიალა. ამ კოტრიალის დროს ბავშვები ცვიოდნენო, სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა მოსახვევში, ასფალტზე ეტყობა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მიკროავტობუსში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები