რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებასა და კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანას სახალხო დამცველი გამოეხმაურა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხალხის რაოდენობის გამო, გზის გადაკეტვის აუცილებლობა არ იდგა, შესაბამისად პოლიციის გადაწყვეტილება, რომ გზა გაეხსნა და კარვები გადაეტანა კანონდარღვევა არ არის.
რაც შეეხება დაკავებას, ლომჯარია აქციაზე დაკავებულ ყველა პირს მოუწოდებს, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს, თუ თვლიან, რომ დაკავების პროცესში მათი უფლებები დაირღვა.
„რუსთაველი გადაიკეტა - ეს ქმედება გაცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით რეგულირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ნებისმიერი მცდელობა, რაც დისკრედიტაციას გაუწევს აღნიშნულ პროტესტს, პროცესს, დააკნინებს იმ პროცესს, რაც დაწყებული არის და რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში.
თუმცა მიმაჩნია, რომ ის ორი ბრალდებული, რომელსაც ბრალი წაეყენათ კონკრეტულ ქმედებაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, იყო ნამდვილად ადეკვატური პასუხი არსებული კითხვების გათვალისწინებით“-აცხადებს ლომჯარია.
ომბუდსმენმა მოზარდების მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ბრალდებულების საქმის შესწავლა და გამოძიებასთან ამ ეტაპზე კითხვები არ აქვთ. თუმცა ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანის ბრალთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რათა გაირკვეს, ახდენდა თუ არა, სუბელიანი საქმის მოწმეებზე და საქმის გამოძიებაზე გავლენას.