17 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
პარლამენტის წინ დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ 6 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პარლამენტის წინ დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები კარავში მომხდარი ინციდენტის გამო აიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული ი.ა. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული გ.ა. პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს 6 პირი: 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ. ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ.

აღსანიშნავია, რომ ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის წინ, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, აქციის მონაწილეები დააკავეს.

თავად აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. მათივე თქმით, პოლიცია კარავში შევიდა, იქიდან რამდენიმე პირი გამოიყვანა და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება.

დღის ამბები