17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის - ინციდენტი პოლიციის მიერ კარვების დაკავებას მოჰყვა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის წინ - აქციის მონაწილეებმა კარვებში შესვლა სცადეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარვები დაიკავეს და აქციის მონაწილეებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ლოგინები მოიპარეს, წყალი მოიპარეს, სკამი მოიპარეს, #ნუმომკლავ ბანერი აიღეს და პარლამენტის შენობაში შეიტანეს,“ – ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა, რომელსაც კარავში შესვლის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

„ესენი უნდა მიცავდნენ მე, მე ვუხდი ხელფასს ამათ, თორემ გახარია არ უხდით ამათ ხელფასს. მოვიდნენ ჯოხაძე და რუხაძე, საპატრულოს უფროსები, ვინც არიან, სავალდებულო ჯარები, რომ გყავთ აქ გამოყვანილი, წაიყვანოთ და სავალდებულო სადაც ეკუთვნით, იქ დააყენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენს კუთვნილ კარავში არ შეგვიშვებენ, ავდგები და გადავალ და შუა გზაზე დავდგები,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა კარვებში შესვლა ვერ მოახერხეს და ახლა კარვების მიმდებარედ იმყოფებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქციები გაგრძელდება.

„ჩვენ გვაქვს აქ, რომ ვიდგეთ უფლება. ჩვენ ვიდგებით აქ. მე ისევ და ისევ გეუბნებით, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, მაქსიმალურად ვიყოთ მშვიდები,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

"ნუ მომკლავ" - სამართალდამცავებმა ბანერი პარლამენტის შენობიდან წაიღეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლებმა ბანერი პარლამენტის შიდა ეზოში შეიტანეს და არ იციან დაუბრუნებენ თუ არა უკან.

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილზე განთავსებული კარვები პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს, თუმცა, ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებისგან თანხმობა არ ჰქონიათ. ზაზა სარალიძის თქმით, კარვების გადატანასთან დაკავშირებით მას სამართალდამცავებთან არ ჰქონია კომუნიკაცია.

ამ დროისთვის კარვებში აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და ის სრულად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.

რუსთაველზე #ნუმომკლავ აქცია 18:00 საათზე გაგრძელდება.

დღის ამბები