მორიგი ხმაურიანი სხდომა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - საბჭოს წევრები საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშს ისმენდნენ და მსჯელობდნენ საბჭოში და სასამართლოში ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებით. რა დროსაც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ ტექნიკური პრობლემის ბრალია ის, რომ მოსამართლეთა კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში მოხვდა ორი გარდაცვლილი ყოფილი მოსამართლე. ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებმა ტყუილში დაადანაშაულეს.
„ყველა განცხადება არის ტყუილი. და რატომ?-იმიტომ, რომ მეტის შნო და უნარი ალბათ არ აქვს ამ ადამიანს,“-მიმართეს ნაზი ჯანეზაშვილს, რაზეც მას მიუთითეს რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინა.
ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამათი გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე იძულებული ახდა სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინა.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღევანდელმა სხდომამ დაადასტურა, რომ საბჭოს წევრებს ჯანსაღი დისკუსია არ შეუძლიათ.
„მათ მიაჩნიათ რომ ძალაუფლება არის მათ ხელში და ჩვენ კითხვების დასმის უფლებაც კი არ გვაქვს,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეგლამენტის ცვლილება მოითხოვა ანა დოლიძემ.
„ჩვენ აქ ვხარჯავთ დროს ჩვენი მოსამართლე წევრების მხრიდან ჩვენს სისტემურ, პიროვნულ შეურაცხყოფაში რის მოთმენასაც მე პირადად არ ვაპირებ. შესაბამისად, დრო არის სანამ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების სასირცხვილოდ იქნა წარმოჩენილი იუსტიციის საბჭო შესაბამისი ზომები იქნას მიღებული რეგლამენტის ცვლილებით, სასამართლო სისტემის რეფორმით,“-განაცხადა ანა დოლიძემ.