ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა - ამაშუკელის ქუჩაზე სანიაღვრე კორექტორმა დიდი რაოდენობით ნალექი ვერ გაატარა და კორპუსი დატბორა, რის გამოც აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ამ წუთებში ამაშუკელის ქუჩაზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, ქუჩაზე მანქანების გადაადგილება შეზღუდულია.
„წყალი ძალიან მაღალი იყო, მინიმუმ, ნახევარ მეტრზე მაინც იყო. ყველაფერი დაზიანებულია. დაგვაცლევინეს კორპუსი. ძალიან ოპერატიულად მოიქცნენ,“- აცხადებენ ადგილობრივები.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სტიქიის გამო უწყებაში 300-ზე მეტი შეტყობინება იყო შესული.
„ძირითადად პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გზების გარკვეულ ადგილებში, სადაც წყლის გამო მანქანები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას. ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები იყო დატბორილი. განსაკუთრებული სერიოზული პრობლემა არ შექმნილა. ამ დროისთვის არის რამდენიმე მისამართი, სადაც წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს,“- განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა.