17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
იმედი მაქვს, მოახდენენ რეაგირებას - გენერალურ ინსპექციაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, დაახლოებით ერთ საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

მოკლული არასრულწლოვნის მამა გენინსპექციაში, გუშინ საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს, რომელიც სასამართლოს სასადილოში მოხდა. 

სარალიძე და კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ზაზა სარალიძე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს და ყველა იმ სამართლდამცველის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, ვინც გუშინ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ მან განაცხადა გამოძიების იმედი აქვს.

„მოლოდინი, როგორც ყველა გამოძიებასთან ახლაც მაქვს. იმედი მაქვს, რომ გადადგამენ ნაბიჯებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ საკითხთან დაკავშირებით და მისცემენ სამართლებრივ ფორმას.

ყველაფერი დეტალებში აღვწერე. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. პოლიციელების იდენტიფიცირება ყველა ტელევიზიისგან არის მომხდარი“- ამბობს ზაზა სარალიძე

როგორც სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, მათ განცხადებას უნდა მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა. უნდა ჩატარდეს მოკვლევა და გამოკითხული იქნეს საპატრულო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც მიიღეს ინციდენტში მონაწილეობა.

ზაზა სარალიძის შემდეგ, გენინსპექციაში უკვე უნდა დაიბარონ ინციდენტში მონაწილე პატრულ-ინსპექტორები. მათი გამოკითხვის  შემდეგ უკვე შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია მოკვლევის შედეგებს წარმოადგენს.

დღის ამბები