17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სკანდალური ვიდეო და ძალადობა მარნეულში - მარნეულის მერის დაკავებაზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ

სკანდალური ვიდეო და ძალადობა მარნეულში. ადგილობრივი მცხოვრების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა.

უწყებაში საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა. საქმე ეხება საჯარო, დამამცირებელი ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის გინებისთვის. მარნეულის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოგვიანებით კი მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სავარაუდოდ სახეზე შარდის წასმაც მოუწია.

სოციალურ ქსელში მომხდარს ამ პიროვნებაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და უშუალოდ მარნეულის მერის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ, თუმცა თემურ აბაზოვი ბრალდებას უარყოფს. ინფორმაცია სტუდია "მონიტორმა" გაავრცელა.

მარნეულის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. აბაზოვის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე აცხადებს, რომ მას მერი დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, მან მხოლოდ ის იცის, რომ აბაზოვი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

აბაზოვის დაკავებასთან დაკავშირებით, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებიც აცხადებენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

რაც შეეხება თავად ზეწოლის ობიექტს ელჩინ ალლახვერიევს, მისი საცხოვრებელი სახლი მარნეულში დაკეტილია. როგორც მეზობლები აცხადებენ, ის დაკითხვაზეა წაყვანილი.

"ვიდეოში ნამდვილად ელჩინია. როგორც ვიცი ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ახლა მოვედი და შევიტყვე, რომ ის პოლიციამ წაიყვანა,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები