თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია BEKO გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, წაღებულია 19 ცალი მობილური ტელეფონი. ასევე, მაღაზიიდან მოიპარეს 4500 ლარი. BEKO-ს თანამშრომლები ამბობენ, რომ მობილურების ღირებულება 15 ათას ლარამდეა.
ქურდობა დღეს დილით მოხდა. "კურიერის" ცნობით, ტექნიკის მაღაზია ოთხმა არასრულწლოვანმა გაქურდა.
„მაღაზიაში შემოსვლიდან 40 წამიც არ გაჩერდნენ. შემოსული იყო კრიმინალური პოლიცია, იყვნენ ექსპერტები,“- განაცხადა BEKO-ს მენეჯერმა, ეკა ცუხიშვილმა.
BEKO-ს მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაღაზიის ორი ფილიალი გატეხეს. ხატია ტყებუჩავა ბიზნესის დაუცველობაზე საუბრობს.
„ვფიქრობთ, რომ იგივე დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან არიან არასრულწლოვნები. თავის დროზე რომ ყოფილიყო შესაბამისი რეაგირება, ალბათ, დღეს არ გვექნებოდა ზარალი. სტატისტიკის მიხედვით, რამდენადაც ვიცით, მხოლოდ ჩვენი კომპანია არ არის დაზარალებული და სხვა კომპანიებსაც აქვთ მსგავსი პრობლემა. რეალურად ვხვდებით, რომ ბიზნესი აღარ არის დაცული. იმის მიუხედავად, რომ დაცვაზე გვყავს მაღაზია აყვანილი, დღისით-მზისით შეიძლება შემოვიდეს ადამიანი, გაიტანოს პროდუქცია, გატეხოს სალარო, მაგრამ ის არ ისჯება, ვინაიდან არის არასრულწლოვანი,“- განაცხადა ხატია ტყებუჩავამ.
როგორც „რუსთავი 2-ს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაულში მონაწილე პირთა ვინაობა დადგენილია, თუმცა ისინი ჯერ არ დაუკავებიათ.