30 დეკემბერი 2024,   20:27
ვრცლად
გლდანში PAY აპარატების ჯგუფურად დაყაჩაღების და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა გლდანში PAY აპარატების ჯგუფურად დაყაჩაღების და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დანაშაულის გახსნის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისსა და სარფში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორზე რ.ხ.-ზე ვითომ ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს და ზაჰესში განახორციელეს. თავდასხმის იმიტაციით მათ პოლიციისთვის კვალის არევა და დიდი ოდენობით თანხის (149,828 ლარი, 220 დოლარი) მითვისება, ასევე ქვეყნის უკანონოდ დატოვება სცადეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას მოწმის სახით გამოკითხულმა ინკასატორმა რ.ხ.-მ სამართალდამცველებს თავდაპირველად განუცხადა, რომ ზაჰესში მას ორმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააღებინეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის კარები და წაართვეს ინკასაციის დროს ამოღებული 149,828 ლარი და 220 დოლარი. ამის შემდეგ შეუკრეს ხელები, წაართვეს ავტომანქანის გასაღები, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული იქნა ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, რა დროსაც გამოკვეთილი იქნა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენის ხერხი და მისი ჩამდენი პირები. როგორც გამოძიებით გაირკვა, წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ, მისი ნათესავის 1990 წელს დაბადებულ ლ. ზ.-ის მონაწილეობით დაგეგმეს ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები გაითამაშეს დაყაჩაღების ფაქტი.სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ლ.ზ.-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს,“- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ცრუ ჩვენება და საზღვრის უკანონო კვეთა.

დღის ამბები