30 დეკემბერი 2024,   20:33
ვრცლად
13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მღვდელს მრევლი თაღლითობაში სდებს ბრალს

13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მღვდელს მრევლი უჩივის. მამა დამიანეს მრევლის მტკიცებით, მათ მღვდელი QNET-ში ჩართვას სთავაზობდა.

მამა დამიანე თოდაძეს მოქალაქეთა ჯგუფი თაღლითობაში ადანაშაულებს. თოდაძეების ოჯახი მღვდელმა ფინანსური პირამიდის სქემაში ჩააბა და გარანტია მისცა, რომ გამდიდრდებოდნენ.

უსახლკარო ოჯახს მღვდელი პირდებოდა, რომ თუ სოფელში გაყიდული სახლის ფულს QNET-ში დააბანდებდნენ, მალე თბილისში ბინის შესაძენ თანხას მოაგროვებდნენ. მღვდელი ფულის ჩადებას მრევლს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა.

13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მღვდელმა თოდაძეების ოჯახს QNET-ში 6 ათას დოლარამდე თანხა ჩაადებინა, თუმცა ფინანსურ პირამიდას სხვა მსხვერპლიც ჰყავს.

მამაკაცი, რომელმაც საჯაროდ მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ყვება როგორ დაალომბარდებინა სასულიერო პირებმა ერთადერთი ავტომობილი, ფული QNET-ში ჩაადებინა, ახლა კი ყველაფერი დაკარგა.   

სკანდალში გახვეული მღვდლის ამბავი უკვე პოლიციამდე მოვიდა. ირკვევა, რომ მამა დამიანე თოდაძე 3 თვის განმავლობაში არწმუნებდა მრევლს, რომ ფული QNET-ში  ჩაედოთ. ვინც დაითანხმა გაკოტრდა და ახლა მღვდლის წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში შეიტანა. დაზარალებულები რეაგირებას სამართალდამცველებისგან ელოდებიან.

მამა დამიანე დაზარალებულ მოქალაქეებზე ამბობს, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებონ რადგან სათანადო მუშაობა ვერ შეძლეს.

„კურიერი“ დღეს QNET-ის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. ქსელური მარკეტინგის კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ყველა პირი ინფორმირებული იყო მოსალოდნელ შედეგებზე, ხოლო თუკი ვინმემ სარგებელი ვერ ნახა, მხოლოდ მათივე არასწორი მუშაობის შედეგია.

მათი თქმით, ორგანიზაციის მთავარი წესია, მეტ ადამიანს შეატანინო თანხა QNET-ში ანგარიშზე, რომლისგანაც პროცენტის სახით სარგებელს იღებენ.

მღვდლისაგან დაზარალებულები პოლიციასთან ერთად რეაგირებას საქართველოს საპატრიარქოსაგან ელოდებიან.

მრევლი ითხოვს 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მღვდელმა ფული უკან დააბრუნოს, 5 მოქალაქე, ჯამში, 6000 დოლარზე მეტი თანხას ელოდება.

დღის ამბები