30 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ლიდერების თათბირის დეტალები - ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

„ქართულ ოცნებაში“ არეულობაა. 12 ივნისს პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილმა მთელი გუნდი დაიბარა, მინისტრებიც და დეპუტატებიც. შეხვედრაზე შესულებს ტელეფონები გარეთ დაატოვებინეს. სხდომაზე მთავარი პერსონა გიორგი კვირიკაშვილი იყო. ბიძინა ივანიშვილმა მოქმედ პრემიერს უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

როგორც ირკვევა, სხდომაზე მობილური ტელეფონი მხოლოდ ივანიშვილს ჰქონდა, რადგან „კურიერს“ წყარო უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის არსებული მიმოწერა ყველას აჩვენა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ პრემიერი 12 ივნისს უნდა გადამდგარიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის სახლში გაშვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის სხდომაზე უკვე მიღებული ჰქონდა და ის ყოფილ პრემიერს, სავარაუდოდ, სხდომის დაწყებამდე ცალკე შეხვდა.

მმართველი გუნდის სხვა წევრები კი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დეტალებს მხოლოდ პირად საუბრებში ყვებიან. შეხვედრის მონაწილეები იხსენებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შელაპარაკებაც მოხდა.

კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს ყველას თანდასწრებით უსაყვედურა, შეიძლება ითქვას, დაამცირა და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. პრეტენზიის ერთ-ერთი მიზეზი მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის მიერ ევროპასა და ამერიკაში მაღალი დონის შეხვედრებზე დახრულ ფორმატში გაკეთებული განცხადებები იყო, საიდანაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის ნათელი გახდა, რომ ქვეყანას არაფორმალური ლიდერი მართავს.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე, სავარაუდოდ, სწორედ პირადი მოტივებით გაბრაზდა. ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრემიერის ბანკირებთან დაახლოვებაც გახდა.

საბოლოო გადაწყვეტილება კი ბიძინა ივანიშვილმა, მაინც სახალხო პროტესტისა და აქციების ფონზე მიიღო.

ანალიტიკოსები გიორგი კვირიკაშვილს სუსტ პრემიერ-მინისტრად ახასიათებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები