17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
საჭიროა სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება - არასამთავრობოები სუს-ის გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ 

არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელი სტრუქტურის შექმნას ითხოვს. სუს-ის საქმიანობას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და “EMC” აფასებს და რეკომენდაციებსაც გასცემს.

ანგარიშის პრეზენტაციას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა დახურულია და სასამართლო ან საპარლამენტო კონტროლს არ ექვემდებარება, რაც აჩენს საფრთხეს, რომ უწყება შესაძლოა ძალაუფლების გადამეტებით მოქმედებდეს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის განცხადება მოჰყავთ მაგალითად. ერთ-ერთ აქციაზე შვილმოკლულმა მამებმა განაცხადეს, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები სუს-ის მეთვალყურეობის ობიექტები არიან. 

„საზოგადოებას სჭირდება იცოდეს, რომ ყველაზე ფართომასშტაბიანი ძალაუფლების მქონე უწყება, რომელიც არის ყველაზე დახურული ორგანო ამავდროულად, ექვემდებარება სათანადო შემოწმებას.

არ ვიცით მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების შემდეგ რა რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტს. არც ის ვიცით, თუ ხდებოდა თვალთვალი რა პროცედურის ფარგლებში ხდებოდა თვალთვალი და სამწუხაროდ ალბათ ბევრს ვერაფერს გავიგებთ ამ დახურული სამართალწარმოების პროცესის გამო, რომელიც მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ აქ საჭიროა სასამართლო და  საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები ჩვენ ცალსახად მივუთითებთ, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებელი“- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

გარდა ამისა, მესამე სექტორში სუს-ის ხელმძღვანელის დანიშვნისა და მოხსნის პროცედურებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული.

ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აუცილებელია საფუძვლიანი არგუმენტები არსებობდეს როცა უწყების ხელმძღვანელის დანიშვნაზე ან მოხსნაზეა საუბარია. მისივე თქმით, აუცილებელია, პროცედურაში საპარლამენტო უმცირესობაც მონაწილეობდეს.

„სუს-ის უფროსის დანიშვნა გათავისუფლების წესი არის აბსოლუტურად პოლიტიზირებული და ფაქტობრივად იძლევა შესაძლებლობას, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარ ინტერესებზე მოირგოს, სუს-ის უფროსი უნდა დაინიშნოს

კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურით, რაც გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეს არამხოლოდ უმრავლესობას, არამედ მასში უნდა მონაწილეობდეს უმცირესობაც, რაც შეეხება გადაყენებას გადაყენების საფუძველი უნდა იყოს მყარი,“-აცხადებს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.

არასამთავრობო სექტორში თვლიან, რომ სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის საქმიანობაში არ უნდა შედიოდეს არც კორუფციასთან ბრძოლის საკითხები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ სუსის საქმინობა უნდა იყოს უფრო ანალიტიკური ხასიათის და გამჭვირვალე.

დღის ამბები