მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის განცხადებებს, რომ მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს, მესამე სექტორი ეხმაურება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა დახურულია და სასამართლო ან საპარლამენტო კონტროლს არ ექვემდებარება, რაც აჩენს საფრთხეს, რომ უწყება შესაძლოა ძალაუფლების გადამეტებით მოქმედებდეს.
სამოქალაქო სექტორის განცხადებით, მაჩალიკაშვილის და სარალიძის განცხადებები სწორედ ამის დასტურია.
პარლამენტთან მიმდინარე ერთ-ერთ აქციაზე შვილმოკლულმა მამებმა განაცხადეს, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები სუს-ის მეთვალყურეობის ობიექტები არიან.
„არ ვიცით მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების შემდეგ რა რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტს. არც ის ვიცით, თუ ხდებოდა თვალთვალი რა პროცედურის ფარგლებში ხდებოდა თვალთვალი და სამწუხაროდ, ალბათ, ბევრს ვერაფერს გავიგებთ ამ დახურული სამართალწარმოების პროცესის გამო, რომელიც მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ აქ საჭიროა სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები ჩვენ ცალსახად მივუთითებთ, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებელი“- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი სოფო ვერძეული.
მესამე სექტორი მოუწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ.