17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
დატბორილი გზები, სახლების პირველი სართულები და მაგისტრალები - თბილისსა და რეგიონებში სტიქიას ებრძოდნენ

სტიქიას თბილისის სხვადსხვა უბანში და საქართველოს რეგიონებში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ძლიერმა წვიმამ გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და მაგისტრალები დატბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სახლებში წყალი შევარდა. სტიქიის გამო შეფერხდა მოძრაობა.

წვიმამ პრობლემები შექმნა გლდანის რაიონშიც. გიორგიწმინდის დასახლებაში ადიდებულმა მდინარე ხევძმარამ მთის ნაწილს ძირი გამოაცალა და მიწა ჩამოიშალა. მეწყერმა ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაკეტა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, გვიან ღამით გიორგიწმინდის დასახლებაში თბილისის მერიც მივიდა.

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები, წყლის ძლიერი ნაკადი მეტროსადგურის შესასვლელთან ჩავიდა. დაიტბორა რამდენიმე მაღაზია. წყლის ძლიერი ნაკადი რამდენიმე საათის განმავლობაში მიედინებოდა „გალერია თბილისის“ ავტოსადგომზეც.

დუშეთიდან მცხოვრებლებიც დახმარებას ითხოვენ. ძლიერმა წვიმამ დუშეთში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, მთლიანად არის განადგურებული საკარმიდამო ნაკვეთები. სამაშველო სამსახურში დუშეთიდან 18 შეტყობინება შევიდა.

გადაადგილება იყო აკრძალული გომბორის საავტომობილო გზაზე. უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ადგილზე მეწყერის საშიშროება გაჩნდა. ზოგიერთ მონაკვეთზე წვიმამ კლდიდან ქანების ჩამოშლა გამოიწვია. გზა გვიან ღამით საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით გაიხსნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები