საპროტესტო აქცია პანკისში - ხეობის მოსახლეობა სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბა.
ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ახალგაზრდის უდანაშაულოდ ცნობასა და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ. მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდეს. აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, ზაზა სარალიძეც ესწრება.
ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ მომხდარი პანკისის ხეობის ტრაგედიაა და ახლა მათ აქვთ ერთადერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე.
აქციაზე იმყოფება ხეობის უხუცესიც. ის ამბობს, რომ მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარების საჭიროება, რასაც ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, არ არსებობდა.
„სამართლიანობა დადგეს, გამოძიება ჩატარდეს. ობიექტურად გამოვლენილ იქნას დამნაშავე. ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ არ იყო საჭირო ასეთი სპეცოპერაცია. არასწორი მეთოდებია გამოყენებული, რასაც მკვლელობა მოჰყვა,“-განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.