30 დეკემბერი 2024,   20:11
ვრცლად
ბახტაძეს "ცენტრ პოინტ ინვესტ პლუსში“ დირექტორის თანამდებობა ეკავა, რაც ბიოგრაფიაში არ არის მითითებული - ირმა ნადირაშვილი განმარტებებს ითხოვს

„თქვენს ბიოგრაფიაში, თქვენ რომ გეჭირათ, ცენტრ პოინტ ინვესტ პლუსში დირექტორის თანამდებობა არ არის მითითებული... ჩემი ღრმა რწმენით, თქვენ ეს ჩვეულებრივად დამალეთ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის, მიმართ გააკეთა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, მამუკა ბახტაძემ განზრახ არ მიუთითა, რომ ის ცენტრ პოინტის შვილობილ კომპანიაში მუშაობდა.

ირმა ნადირაშვილმა ბახტაძეს მიმართა კითხვით, იმყოფებოდა თუ არა ის ცენტრ პოინტის  საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე.

„ეს არის შვილობილი კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტის. ამ კომპანიის დამფუძნებლები ციხეში არიან და გასაკვირია, რომ თქვენც ვინმეს დაებარებინეთ დაკითხვაზე? ჩემი კითხვა რატომ გეჩვენებათ არალოგიკური,“ - განაცხადა ნადირაშვილმა, რაზეც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ირმა ნადირაშვილის კითხვა ალოგიკურია და ის დაკითხვაზე არ ყოფილა დაბარებული.

„მე ალოგიკური მეჩვენება იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობა ამ კომპანიაში დაკავშირებული იყო სასტუმროების ქსელის განვითარებით, სადაც არსებობდა ინსტიტუციური პარტნიორი GRDF და Millennium Challenge-ის სახით,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ირმა ნადირაშვილის თქმით, შერჩევითი სამართალი სახეზეა, როდესაც კომპანიის დამფუძნებლები დაკავებულები არიან და მათი თანამშრომელი კი პრემიერობის კანდიდატია.

„თქვენ ხართ შერჩევითი სამართლის ძალიან ნათელი მაგალითი, როდესაც ამ კომპანიის დამფუძნებლები ციხეში არიან და თქვენ აქ პრემიერმინისტრობის კანდიდატი ხართ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები