მინისტრობის კანდიდატები, რომლებიც დროებით მთავრობაში იმუშავებენ, ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან. 14 მინისტრიდან, ვინც დღეს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, ნაწილი ორი კვირაში მთავრობის შემადგენლობას დატოვებს.
მინისტრობის კანდიდატებისთვის უცნობია, ორ კვირაში ვინ დატოვებს და ვინ დარჩება მთავრობაში. როგორც ცნობილი გახდა, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები. გაერთიანდება რამდენიმე სამინისტრო, მათ შორის განათლებისა და კულტურის სამინისტროები.
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ამ ორი სამინისტროს გაერთიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამაზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.
„პრინციპულად შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეუძლებელი ეს არ არის, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოო ჯამში ამა თუ იმ სამინისტროსთან მიმართებაში, კონსულტაციების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. აახლი კაბინეტის წევრების წარდგინება არის მთლიანად პრემიერის პრეროგატივა, ამიტომ, ალბათ, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კონკრეტულ მინისტრთან მიმართებაში,“- განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ.
მინისტრობის კანდიდატები ამბობენ, რომ მცირე მთავრობის მიდგომა სწორია.
„სწორი მიდგომაა მცირე მთავრობის მიდგომა, ყველა იმ პრიორიტეტთან ერთად, რომელიც დასახული გახლავთ მთავრობის პროგრამით. ეს მალე გახდება ცნობილი, მაგრამ ამაზე განაცხადს გააკეთებს უკვე ახალი მთავრობა და პრემიერმინისტრი. ყველა მიმართულება, რაც არის მნიშვნელოვანი და მით უფრო ისეთი მიმართულება, რაც ეხება საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას, არის პრიორიტეტული,“- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, ქეთევან ციხელაშვილმა.