ექიმები 23 წლის ახალგაზრდის გადარჩენისთვის იბრძვიან. პაციენტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ის საავადმყოფოში ძმასთან ერთად გუშინ მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა ძმის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ ინტოქსიკაცია დაუდგენელი სახის ნარკოტიკით მიიღეს.
როგორც ექიმი განმარტავს, 23 წლის დავით ანდოლინის ყველა სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამ ეტაპზე უკვე შედეგს ელოდებიან.
ექიმი-რეანიმატოლოგის თქმით, ინტოქსიკაცია უცნობი სუბსტანციის მიღებამ გამოიწვია.
„ერთი პაციენტი 112-ის მიერ იყო გადმოყვანილი უგონო მდგომაროებაში, მეორე შემოტანილი იქნა გვამი. პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი სუბსტანციის ეფექტით, მისი მდგომარეობა რჩება მძიმე, გამოსავალზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ზედმეტია. ვერ გეტყვით რა ნივთიერებაზეა საუბარი, ამას სჭირდება ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რომლის ჩატარებაც კლინიკური კვლევისათვის მიუღწევადია,“- ამბობს ლევან რატიანი.
გარდაცვლილი, 22 წლის ახალგაზრდა დავით ანდოლინის ძმა ლუკა ანდოლინია. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.