17-დღიანი შიმშილობა ჭიათურის პოლიციასთან და მოქალაქეების პროტესტი, რომელთა გამოძიებაც არ ხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პროკურატურას ჭიათურაში პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შემთხვევის გამოძიება დროულად დაასრულოს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 მაისს მომხდარი ინციდენტის განვითარება შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლიციელთა შეურაცხმყოფელ, არაეთიკურ და პროვოკაციულ ქცევას ადგილობრივების მიმართ.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა უძღვოდა წინ პოლიციელთა კომუნიკაციას აქციის მონაწილეებთან, რა მიზნით და სამართლებრივი საფუძვლით მივიდა პოლიცია ადგილზე.
აქციის მონაწილეები ასევე უთითებენ, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმ პირს, რომელიც შემდეგ დააკავეს პოლიციის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
„ჩვენი მონაცემებით, სამი ადამიანი აგრძელებს შიმშილობას, ამიტომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის უკვე ბოლომდე კარგი და აქაც აუცილებელია, რომ გამოძიება იყოს დროული და თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც ქონდეთ სწორი და ზუსტი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროექტების კოორდინატორმა, იურისტმა გურამ იმნაძემ.