ნგრევა ძველ თბილისში - ცოტა ხნის წინ ავლაბარში, ფერისცვალების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
სახლი ავარიული იყო და მისი მდგომარეობის გამო, ბოლო დროს იქ აღარავინ ცხოვრობდა, თუმცა შენობა საკმაოდ ხალხმრავალ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე მდებარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნგრევის საფრთხე კიდევ რამდენიმე ობიექტს ემუქრება. ამ დროისთვის ფერისცვალების ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის დემონტაჟს იწყებენ, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.
ადგილზე იმყოფება ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე. მისი თქმით, სხვა შენობებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დემონტაჟის შემდეგ ეს უკეთ გამოჩნდება.
„ამ უბანში არის ყველა სახლი თითქმის ავარიული, ეს სახლიც რომლის კედელიც ჩამოინგრა, იყო ავარიული. მივიღებთ ყველა ზომას, მოვახდენთ დემონტაჟს. თუ სახლის მეპატრონეს ექნება სურვილი გავიყვანთ ქირით,“- ამბობს ლაბუჩიძე.
ეს სახლის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის, გვიან ღამით სახლი არარატის ქუჩაზე ჩამოინგრა, ერთი კვირის წინ კი ნგრევა მოხდა მეტეხის ქუჩაზე.