საქნახშირი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას ეხმაურება, სადაც მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზეა საუბარი.
საქნახშირის პოზიციით წარმოდგენილი დასკვნა არის სამუშაო და არა საბოლოო ვერსია. საქნახშირის წარმომადგენლების თქმით, წარმოდგენილ შენიშვნებზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა და კომპანიის პოზიცია სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ჩვენ დღეს, ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობთ კონკრეტულად რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. დასკვნა არის, ამ ეტაპზე, სამუშაო ვერსია, ეს არ არის საბოლოო დასკვნა, რომელიც ყოვლისმომცველი ინფორმაციის მომცემი არის ჩვენთვის და დასკვნაში საუბარი არის გარკვეულ ტექნოგენურ, ბუნებრივ მოვლენებზე, ისევე, როგორც ადამიანურ ფაქტორებზე,“ - განაცხადა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ჯორბენაძემ.
ტყიბულის შახტში გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის, 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი კი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს.
ოჯახის ვარაუდით, მომხდარი არ უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ ფაქტორს და ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, ისედაც ურთულესი კატეგორიის იყო.
უკრაინელი ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოხდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.