სარემონტო სამუშაოები გერგეთის სამებაში - ტაძარში უკვე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა და ახლა მხოლოდ, სამუშაოების მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება.
მე-13 საუკუნის ძეგლს შეუცვლიან ძირს დაგებულ ფილებსაც. სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოები 25 ივნისს დასრულდება.
გერგეთის სამებაში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ილარიონი ამბობს, რომ სამუშაოები მაისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც შესაბამისმა უწყებამ ნებართვა გასცა.
„დაიგება ფილა, რა პრობლემაა. განახლება ყველაფერს სჭირდება. სულ განახლების პროცესში იყო ეს ტაძრები, მეფეები იყვნენ თუ ვინც იყვნენ, ყველა განამშვენებდნენ ეკლესიებს. თუ ჩამოგვენგრა თავზე და ხელი არ დაადო და 13-ე საუკუნის რადგან არის, ეს სიძველე არ იცვლება საერთოდ. აქ იცით რამდენი ტურისტი დადის? მთელი ზამთარი მით უმეტეს. რამდენი მომლოცველები დადიან საბედნიეროდ და რამდენი ხალხი ამოდის? ხოდა შესაბამისად იქნება ნორმალური იატაკი რა,“ - განაცხადა სასულიერო პირმა.
განმარტებები კეთდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში. ბექა ბარამიძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი სამუშაოები ფრესკებს და მე-13 საუკუნის ტაძარს პრობლემას არ შეუქმნის.
„საპროექტო დოკუმენტაცია მთლიანად არის შეთანხმებული ყველა დონეზე და მასზე ნებართვა გაიცა 2018 წლის 18 აპრილს. ამ დროიდან მოყოლებული იგივე სარესტავრაციო ჯგუფი, რომელმაც 2003 წელს იმუშავა გერგეთის სამების ტაძრის ინტერიერში. არა ერთ გზის იყო ჩვენი არქეოლოგიური ჯგუფის მისია ადგილზე მივლინებული, რომელთაც არა ერთი დღის განმავლობაში აწარმოეს დაკვირვება და ასეთ ტიპის ალბათობები ძირეულად გამორიცხეს,“- განაცხადა ბექა ბარამიძემ.