„იმდენი ხანი გასტანა ჩემმა მდუმარებამ, მგონი, ბოლოს ყველას დაავიწყდა, რომ მეც დაზარალებული ვიყავი,“ - ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.
საგამოძიებო კომისიის წევრები ლევან დადუნაშვილის დედას, ნათია საყვარელიძეს უსმენენ. მისი თქმით, ოჯახი თავდაპირველად არ გეგმავდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუმცა, შემდეგ ყველა პროცესში ჩაერთვნენ.
„ლევან დადუნაშვილი, ჩემი შვილი, მომხდარ კონფლიქტში, გინდათ, ბრმა დაარქვით, გინდათ შემთხვევითი, არც სკოლის შემდეგ, არც სკოლის წინ, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ამ გზით დადიოდა სახლში და ეტყოდა ჩვეულებრივ წამოვიდა სახლისკენ და შესულია შემთხვევით, ბოლო მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ჩხუბში ლევანი ასე ბრმად არ შევიდოდა, ალბათ, ვინმე დაინახა ან ძმაკაცი, ან ნაცნობი,“ - განცხადა დადუნაშვილის დედამ.
ნათია საყვარელიძის განცხადებით, გამოძიებასთან მათ გარკვეულ ეტაპზე კითხვები ჰქონდათ და მისი თქმით, შსს-დან და პროკურატურიდან განმარტებებს იღებდნენ.
საქმეში არსებულ მასალებზე ისაუბრა ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმაც. მისი თქმით, ის საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებას იზიარებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გაჩნდა კითხვები მათი მიმართულებით, როდესაც აცხადებენ, რომ გამოძიებას ენდობიან.
პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მოკლული მოზარდების მშობლებს უსმენენ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა უკვე მოისმინეს ზაზა სარალიძეს უკვე მოუსმინეს და კითხვებზე პასუხები მიიღეს.