მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, მოკლული მოზარდის მამამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ის შს სამინისტროს გამოძიებას არ ენდობა, რადგან ამ ეტაპზე ნათელია, რომ გამოძიება წინ ვერ მიიწევს.
სარალიძე ფიქრობს, რომ შს მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვონ.
„ჩემზე რომ საუბრობენ და ეგრევე პოლიტიკას ახსენებენ ვღიზიანდები და ეს დავაფიქსირე. ნურავის ნუ ექნება იდეაში, რომ ვინმეს მე მივეცი ჩემი შვილის სულით მანიპულირების საშუალება. რა ეტაპზეც არის დღეს შს სამინისტროს გამოძიება არანაირი იმედი არ გამაჩნია, გიორგი გახარია შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ თანამდებობისთვის არის შეუფერებელი პიროვნება.
გახარიას უწყებამ დაიწყო ამ საქმის გაყალბება. მერე კვირიკაშვილთან თავის მართლება დაიწყო, რომ ძალიან მალე წაიღო ეს საქმე პროკურატურამ და ჩვენ არანაირი უფლება არ გვქონდაო. მერე გამოდის წულუკიანი და ამბობს, რომ კვირიკაშვილი შეცდაო, გახარიას კი არ დაუბრუნდაო, გახარია ამ დრომდე იძიებდაო. ძალიან ბევრი გარემოებაა, არცერთი არ არის დასატოვებელი თანამდებობაზე“-აცხადებს სარალიძე.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, იმის მიუხედავად,რომ კომისიის ფარგლებში პირთა გამოკითხვა ახლა დაიწყო უკვე ბევრი კითხვა გამოიკვეთა. კაპანაძის თქმით, კომისია შეისწავლის ყველა საკითხს,მათ შორის მესამე მოზარდის დაჭრის ფაქტსა და გარკვეული მტკიცებულებების არ ამოღების ფაქტებს. გაჩენილი კითხვებით კი კომისია პროკურატურასა და შს სამინისტროს მიმართავს.
საგამოძიებო კომისიის კითხვებს ამ დროისთვის მეორე მოკლული მოზარდის დედა და ადვოკატი პასუხობენ.