პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მოზარდების მკვლელობის საქმეზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
დეპუტატების კითხვებს საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შსს-ს მთავარი დეტექტივი კახა სირაძე პასუხობენ.
კითხვები რამდენიმე მიმართულებით დაისვა. კერძოდ, რატომ აიღეს ფარდული მკვლელობის ადგილიდან, რამდენად ჰქონდა ძიებაზე გავლენა მირზა სუბელიანს და რატომ არ არიან გამოკითხულები მკვლელობის თვითმხილველი მოწმეები. საგამოძიებო კომისიის წევრებს ასევე დაინტერესდნენ, რატომ არ მოხდა დროულად მესამე დაჭრილის დაკითხვა და მის ჭრილობაზე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, როდესაც ამ პირმა დაჭრის შესახებ ჩვენება ჯერ კიდევ 2 დეკემბერს მისცა, ხოლო ექსპერტიზა 12 დეკემბერს ჩაუტარდა.
„შს სამინისტროს თქვენს სამმართველოში არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ.ღ არის ჩხუბის მონაწილე და მის სახლში შეიძლება ინახებოდეს დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. ამის შემდეგ მიდიან გამომძიებლები და ჩხრეკის გარეშე, ოქმში არანაირი ნიშანი რომ სახლი გაიჩხრიკა არ არის...“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ, რაზეც დეტექტივ - გამომძიებელმა უპასუხა, რომ ეს ჩხრეკის ოქმი იყო.
სირაძის თქმით, ოქმში დაფიქსირებულია კონკრეტულად ამოღებული ნივთები, თუმცა რა სახის ჩხრეკა ჩატარდა ამის შესახებ თავად იმ გამომძიებელს ექნება ინფორმაცია.
აბესაძე ასევე დაინტერესდა, რატომ გამოკითხა დ.თ 14 დეკემბერს, როცა 1-2 დეკემბერს მის ჩხუბში მონაწილეობის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია უკვე ჰქონდა.
„დ.ღ გამოკითხა ერთ-ერთი ყველაზე გვიან, 14 დეკემბერს. რატომ არ იყო საინტერესო ამ ყველა ინფორმაციის შემდეგ რაზეც მე ვისაუბრე, რომელიც 1-2 დეკემბერს გქონდათ დ.ღ-ს დაკითხვა მანამდე?“- ჰკითხა სირაძეს აბესაძემ.
ამ კითხვაზე სირაძის პასუხი ასეთი იყო : „პირველ რიცხვებში კონკრეტული პირები, საერთოდ გამოცხადებაზე კი არაა საუბარი, იყო მისვლა შემოწმება და არ იყვნენ, ხან მშობელი ერიდებოდა შვილის წარმოდგენას“.
„ყველაზე გვიან დაკითხეთ ადამიანი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო შემდგომში ბრალდებული ან იმ წუთისთვის ჰქონოდა ინფორმაცია მესამე პირის დაჭრაზე, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ თავად და ამაზე გამოძიება გადადეთ. თქვენ პირველ დეკემბერს პოლიციაში გყავდათ მისი არასრულწლოვანი შვილი და მისი მეუღლე. ქალბატონი დაესწრო გამოკითხვას, თუმცა გამოკითხვის ოქმი საქმეში არ არის“-ამბობს აბესაძე.
რაზეც სირაძემ უპასუხა, რომ გამოძიებას თავის მიმართულება ჰქონდა, ოპერატიულ სამძებრო მოქმედებებს კი სხვა.
აბესაძის შემდეგი კითხვა მესამე დაჭრილს ეხებოდა, რომელმაც დაჭრის შესახებ 2 დეკემბერს საკუთარ ჩვენებაში განაცხადა, თუმცა მას სამედიცინო ექსპერტიზა დაგვიანებით ჩაუტარდა.
„2 დეკემბერს თქვენ გ.მ დაკითხვაში გეუბნებათ, რომ ჭრილობა მიიღო ზურგში. 12 დეკემბერს ნიშნავთ სამედიცინო ექსპერტიზას, რატომ?“- ჰკითხა აბესაძემ.
სირაძე ამბობს, რომ ამ პიროვნების მოძიება გაჭირდა: „ იმ დღეებში ვერ გამოცხადდა,შესაბამისად ამ პერიოდს დაემთხვა ასევე რაც დაკავშირებული იყო ერთი პიროვნების და მეორეს დაკავებასთან, მათთვის ბრალის წაყენებასთან...“-ამბობს სირაძე.