ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი მოხვდა. შავ სიაში შევიდა ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა. იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ ამოქმედდეს საერთაშორისო სანქციები, სია მალე ყველა პარტნიორ ქვეყანაში გაიგზავნება.
პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, განმარტებები შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ჯერჯერობით სია საჯარო არ არის, თუმცა ცნობილია, რომ სიაშია ოთხოზორიას საქმეზე გასამართლებული კანჯი ოღლი ასევე ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული დავთ გურწიევი და ალეკ ტაბოევი.
დანარჩენი 30 ადამიანის გვარი კი გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც მთავრობა რეზოლუციას, პარლამენტს გადაუგზავნის.
„ოთხოზორიას შემთხვევაში ეს არის მსჯავრდებული პირი. ბრალდებულები ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ასევე არიან ამ სიაში. 33 ადამიანია ამ სიაში, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანაშაულში ეს იქნება მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, გატაცება თუ დანაშაულის დაფარვა არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული,“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
უკვე ძალაშია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც მითითებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილი პირების მიმართ უნდა დაწესდეს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ ამ სიის წარდგენამდე იყო მიღებული გახლავთ ევროპარლამენტში რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მათ დააწესონ სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი ამ სიაში,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სია გადაეგზავნება პარლამენტს, უწყება გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას.