"გუშინ, როდესაც კომისიას ახსნა-განმარტებას ვაძლევდი, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები," - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ, განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, მას აქვს სურვილი, რომ კომისიის წევრებს აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, თუმცა, ეს უნდა მოხდეს დახურულ სხდომაზე.
„კომისიას როდესაც ვაძლევდი გუშინ ახსნა-განმარტებას, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან დაკავშირებით, რომელსაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება.
"რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის წევრები დაინტერესდებიან, მე ვაჩვენებ ჩემს ტელეფონში არსებულ ტექსტებს, ოღონდ ეს მოხდეს დახურულ სხდომაზე,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.