"ბრძოლა შვილების მკვლელების დასჯამდე!" - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
პანკისის ხეობაში ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა დღეს დილით ჩავიდნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს დღეს ის ოთახი უჩვენა, სადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბრის ღამით საწოლში მოკლეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის შვილს ხელისუფლებამ ტერაქტი მოუწყო. ამიტომ, მისი თქმით, სიმართლის დადგენამდე აქციები გაგრძელდება.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ სამართლიანი გზით, მხოლოდ კანონიერად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ სამართალს დავუდოთ ეს სიმართლე. მოვაშოროთ ეს ჭორები, ეს ტყუილები, დავანგრიოთ ბოლოს და ბოლოს ეს სისტემა, ეს მართლაც აუხსნელი სისტემა დამნაშავეთა ჯგუფი. ჩვენ გავაგრძელებთ აქციის სახით ამ ყველაფერს,“ - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას, თქმით, უკვე არსებობს სამოქმედო გეგმა, თუმცა, ის ნაწილობრივ გასაჯაროვდება.