„ქუჩის ბიჭების“ დაჭრის ფაქტზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან ჯანჯღავას ადვოკატები. რა პოზიცია აქვს თავად ბრალდებულს ადვოკატები ბრალის წარდგენის შემდეგ იტყვიან.
თამთა ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფება თამთა ჯანჯღავას ნათესავი, რომელიც აცხადებს, რომ ირაკლი ნოზაძესთან დაკავებული მეგობრობდა თუმცა, გვანცა რამიშვილი ვერ აკონკრეტებს რა გახდა მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი. რამიშვილი ამბობს, რომ მან არ იცის, რატომ ეძახდა ჯანჯღავა ნოზაძეს „ბარიგას.“
„არ ვიცი, როგორც ადვოკატი ამბობს, არაფერი გამოირიცხება. როგორც ვიცი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაურეკა მოდიო, მერე მეგობარი ჩაუშვა დაემალა და მერე... სხვაგან მიდიოდა და უცბად გზაში დაურეკა. მეგობრები იყვნენ, ახლა რომ უარყოფს არაო, როგორ არა. მეც კი მისაუბრია მის ტელეფონზე რომ დაურეკავს,“- ამბობს რამიშვილი.
ჯანჯღავას ადვოკატებიც აცხადებენ, რომ თავდაპირველად ირაკლი ნოზაძისგან თავდასხმის ობიექტი თავად ჯანჯღავა გახდა. მისივე ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და დაზიანებები ნოზაძეს გასაღების საკიდით მიაყენა.
ადვოკატი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძისგან გარკვეული პრეპარატის წამოღებას აპირებდა, რაშიც თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.