17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - თვითმხილველს, რომლის ინტერვიუც „კურიერში“ გავიდა, საგამოძიებო კომისია დაკითხავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმით, რომლის ინტერვიუც „კურიერში“ გავიდა, დროებითი საპარლამენტო კომისია ინტერესდება.

ნელი ზამბახიძეს პარლამენტის წევრები დაკითხავენ. ზამბახიძე ხორავას ქუჩის ოთხ ნომერში, იმ ეზოში ცხოვრობს, სადაც არასრულწლოვნები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

ზამბახიძე ამტკიცებს რომ დაინახა, როგორ ურტყამდა მომაკვდავ სარალიძეს ერთ-ერთი ახალგაზრდა. დღემდე მოწმე ნელი ზამბახიძე დაკითხული არ იყო.

დილიდან ხორავას ქუჩის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა განაახლა. დღეს ხორავას ქუჩის მცხოვრებლებს დაკითხავენ. ​დასაკითხებს შორის ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დეპუტატი ნიკოლო ვაჩეიშვილია.

ვაჩეიშვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მან დაპირისპირების დაწყება დაინახა. ბავშვების გაშველება ვერ შეძლო, რეკავდა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად.

საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც გამოძიებას არ დაუკითხავს, ან ძალიან გვიან დაკითხა.

„უნდა ვთქვათ, რომ თვითმხილველებისგან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გამოძიებას არ გამოუყენებია. თვითმხილველები დაიკითხნენ ძალიან გვიან, დაიკითხნენ ძალიან ზერელედ, ფაქტობრივად არ დასმულა არცერთი კრიტიკული შეკითხვა,რომელიც შესაძლებელს გახდიდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას თვითმხილველებისგან ,ჩვენ რა თქმა უნდა დავსვამთ ამ შეკითხვებს,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მისი თქმით, შესაძლოა თვითმხილველებს შვიდი თვის შემდეგ გაუჭირდეთ მომხდარი დეტალების გახსენება, თუმცა კომისია ვალდებულია გამოკითხოს ყველა მათგანი და გარდა ამისა, შეაფასოს მათი ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან. რადგან კომისია, საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და ეფექტურობასაც აფასებს.

დღის ამბები