17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ" - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო იმყოფებოდა.

პოლიციაში ზაზა სარალიძე პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ მივიდა.

კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება შს სამინისტრომ 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. საუბარია, 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე. საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ზვიად კუპრავას საქმე განიხილებოდა.

ზაზა სარალიძემ ინციდენტის შესახებ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოკლული მოზარდის მამის თქმით, კუპრავას მხრიდან სასამართლოს მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით იყო გამოწვეული.

ზაზა სარალიძე ინტერესდება თუკი კუპრავას მიერ გამოთქმული უცენზურო სიტყვები დანაშაულია, მაშინ მის წინააღმდეგ რატომ არ აღიძრა საქმე, რადგან მან შს მინისტრს აგინა.

„არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერია წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა სიტყვებიც დახარჯა, მაგ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩემს ინტერვიუშიც ჩანს, რომ გახარიას და გახარიას უწყებას მეც ვაგინებ. საგინებლები იყვნენ და ვაგინე იმიტომ, რომ დამამხეს ყველაფერი თავზე, ჭამა არ გვაცადეს. ეს იყო პირიქით, პოლიციელების გადაცდომა, რაზეც რეაგირება მოახდინა გენინსპექციამ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩერდებიან და უფრო მეტი კონკრეტული დასჯა უნდა მომეთხოვა და არა მარტო საყვედურებზე უნდა დავკმაყოფილებულიყავი. თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები