30 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
თბილისის მერიის რეგულაციები ღია კაფეების მფლობელებისთვის - კერძო სექტორი ზარალის მოსალოდნელ გაზრდაზე საუბრობს

დედაქალაქის მერია კერძო სექტორს ახალ რეგულაციებს უწესებს. პირველი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება იმ პირებს შეეხებათ, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ.

ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეს საინფორმაციო აბრები მერიის ზედამხედველობის თანამშრომლების მითითებით ჩამოახსნევინეს. რესტორნის მეპატრონეს უთხრეს რომ თუკი მათ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა ჯარიმის გადახდა მოუწევდა. რესტორნის აბრაზე საკვები მენიუს გარდა გასართობი პროგრამა იყო მითითებული.

ზედამხვედველობის სამსახურის მხრიდან რეგულაციების გამკაცრებას თავად რესტორნის მფლობელები ღია კაფეების ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ. მათი ინფორმაციით, მერიაში იგეგმება ტურისტულ ქუჩებზე მოწყობილი კვების ღია ობიექტებზე მაგიდების რაოდენობის შეზღუდვაც. 

მერიის რეგულაციებზე დღეს საკრებულოში მსჯელობდნენ. საკრებულოს ოპოზიცია მერიისგან მოითხოვს, რომ ზედამხედველობის სამსახურის რეგულაციები კონკრეტულად გაიწეროს. საკრებულოს უმცირესობა მკაცრი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

ოპოზიციისგან განსხვავებით პრობლემას ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში. მმართველი გუნდის დეპუტატები რესტორნის მფლობელებს მოუწოდებენ, რომ ყველა აბრა ღია სივრცეში მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით განათავსონ.

რესტორნის მეპატრონეებისა და ოპოზიციის პრეტენზიებს დღეს თავად თბილისის მერმა უპასუხა. კახი კალაძე აცხადებს, რომ რეგულაციები არ მკაცრდება, კაფეებს კი მხოლოდ რამდენიმე მითითება მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად.

ღია კაფეების მფლობელები ამბობენ, რომ თუკი მერია მათ საქმიანობას აკრძალავს და ღია სივრცეში მაგიდებს არ დაადგმევინებს, ზარალი მნიშვნელოვანი იქნება. კერძო სექტორი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები