30 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
35 წლის ქალი ვარკეთილის ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

35 წლის ქალს ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მენეჯერი ფიზიკურად გაუსწორდა. ის ყვება, რომ ორკვირიანი ტყვეობისგან თავის დაღწევა მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შემდეგ შეძლო.

მისი თქმით, ის ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს ბარში მუშაობდა. ქალი, პირობითი სახელით ლანა, ამტკიცებს, რომ მენეჯერმა სექსმუშაკად დასაქმება შესთავაზა, რაზეც დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით არც დაპირებული თანხა გადაუხადა და არც სახლში წასვლის უფლებას აძლევდა. მას შემდეგ კი, რაც სასტუმროდან წასვლა გადაწყვიტა, ნასვამი მენეჯერი და მისი მეგობარი, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შესახებ მან პოლიციასაც უამბო, გამოძიება მაინც არ დაიწყო.

ახალგაზრდა ქალის ბრალდებებს არ ეთანხმება სასტუმროს მენეჯერი. ქალბატონი პირობითი სახელით ლია, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ადრეც ნასამართლევია. მას უკვე ერთი წელია, პირობითი მსჯავრი აქვს და ამტკიცებს, რომ მსგავს საქმიანობას თავი დაანება.

სასტუმროს მენეჯერის ნაამბობს ადასტურებენ სასტუმროს თანამშრომელი და მისი მეგობარი, რომელსაც ასევე ადანაშაულებს ახალგაზრდა ქალი ცემაში.

35 წლის ქალი, რომელსაც ცემის კვალი სხეულზე დღემდე ეტყობა, საგამოძიებო უწყებებისთვის მიმართვას ისევ აპირებს. ქალი, პირობითი სახელით ლანა, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას კიდევ ერთხელ შეეცდება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები