ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ.
მესამე სექტორისა და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა კომისიას რეკომენდაციებით მიმართეს.
არასამთავრობო სექტორი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი კიდევ ერთი მოზარდის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ვფიქრობ, იმ ორი რეკომენდაციიდან, რომელზეც არის საუბარი, ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით უფრო იოლად არის საქმე. ეს ეხება კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილეს, როდესაც საუბარია, რომ გარდა ორი ადამიანისა, მესამემაც მიიღო იქ სხეულის დაზიანება და ეს ადასტურებს, რომ, მინიმუმ, სამი იარაღი იყო გამოყენებული, აქ უფრო ნათელი და მკაფიოა ამ საქმეზე გამოძიება. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, აქ, ალბათ, გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს და ალბათ, იდეალური იქნებოდა, კომისიამ გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის შედეგად მიიღოს,“ - აცხადებს საია-ის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე.
სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, საქმეში ბევრი კითხვაა. გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, რეკომენდაციაში სწორედ ის კითხვები აისახა, რომელიც საქმის მასალების გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ გაჩნდა.
„ის კითხვები, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა და რომელიც კომისიას გაუჩნდა და რომელიც აისახა რეკომენდაციაში, მომდინარეობს მხოლოდ საქმის მასალებიდან. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მათი განხილვა მნიშვნელოვანი და რელევანტურია,“ - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.