რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული და თავდაცვის სამინისტროს მსხვილი შესყიდვების განმახორციელებელი პეტრე დევრიშაძის ბრალდებებს, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი გიორგი მგელაძე პასუხობს.
მგელაძე დევრიშაძის ბრალდებებს, რომ თითქოს ჟურნალისტი მოსყიდულია, აბსურდულს უწოდებს. მისი განცხადებით, ის დევრიშაძის არც ერთ კონკურენტს არ იცნობს. მგელაძე დევრიშაძეს მოუწოდებს, თუ მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს შესაბამის ორგანოებს მიმართოს.
„ცოტა სასაცილოა. ვერ ვფიქრობ რა უნდა ვუპასუხო პეტრე დევრიშაძეს, რომელიც თვალით არ მინახავს ცხოვრებაში არც მის კონკურენტს შევხვედრივარ ვინმეს , არც დევრიშაძეს არც რაიმე ინტერესი მაქვს. სასაცილოა. თუ ფიქრობს, რომ რაიმე ან ეთიკური სტანდარტი დავარღვიე, ან რაიმე კანონი დავარღვიე, მიმართოს ეთიკის საბჭოს, სასამართლოს, გამოძიებას. მოსყიდვა ხომ ვიღაცას ფული უნდა გადაეხადა? სად გადამიხადეს, როგორ გადამიხადეს?"-აცხადებს მგელაძე.
ჟურნალისტი "კურიერთან" საუბრისას დეტალურად იხსენებს, როგორ დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ტენდერით და შემდეგ როგორ შეიტყო დევრიშაძის შესახებ.
"ეს იყო ბათინკების, სამხედრო ფეხსაცმელების შესყიდვაზე და იყო დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი. ის ტენდერი ჯერაც არ არის დასრულებული.
მას ოფიციალურ სტატუსად ოფიციალურად აქვს შერჩევა-შეფასება, რაც ნიშნავს, რომ ჯერ გამარჯვებული გამოვლენილი არ არის. როცა ამ ეტაპზე ამოვარდა დევრიშაძის კომპანია, მე დავინტერესდი ვისი იყო ეს კომპანია, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დამფუძნებელი იყო პეტრე დევრიშაძის მეუღლე, დირექტორი იყო პეტრე დევრიშაძე, დავგუგლე პეტრე დევრიშაძე და ასე გავიგე ეს ამბავი“- ამბობს მგელაძე.