ხორავას ქუჩის მკვლელობის შემსწავლელი კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარის ინიციატივებზე მსჯელობას მოყვა, რომელიც სასულიერო პირის შვილის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე ახალი გამოძიების წარმოებას და მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.
შელაპარაკება კომისიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მმართველ გუნდს მოუწოდა არჩევანი გაეკეთებინა და ეღიარებინათ პროკურატურის დანაშაული.
„უკვე ორმაგი დანაშაულია, რომ პროკურატურის დანაშაულებრივ ქმედებას აფარებთ ხელს. თქვენ შეიძლება წეღან არ მოგეწონათ მაგრამ ეს არჩევანი არის თქვენს მიერ გასაკეთებელი. ან დღეს იმ დანაშაულს, რომელიც უკვე ჩაიდინა პროკურატურამ, ის რასაც ლაპარაკობდა იმ დღეს ფხაკაძე, როდესაც ის იყო ადვოკატი ... თქვენ იცავთ ამ პროკურორს...,“-განაცხადა სერგო რატიანმა, რა დროსაც მას სიტყვა გააწყვეტინეს და პოპულისტობაში დასდეს ბრალი.
"სერგო ნუ პოპულისტობ... რომელ რეკომენდაციაშია პროკურატურის მხრიდან გამოძიების მოთხოვნა. პოპულისტი ხარ, ჩვეულებრივი პოპულისტი ხარ,"-მიმართა უმრავლესობის წევრმა სერგო რატიანს.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა დეპუტატებისთვის მიკროფონები გამოერთო.
სერგო რატიანის საპასუხოდ განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე აჩქარება დაუშვებელია და შეუძლებელია კომისიამ მოითხოვს ვინმეს დასჯა, მაშინ როდესაც თვითმხილველები ჯერ დაკითხულები არ არიან.
„ძალიან უცნაური აჩქარება და აკვიატება არის ჩემი გადასახედიდან თქვენი მხრიდან, მაშინ როდესაც ინციდენტის არც ერთი მონაწილე ჯერ დაკითხული . მორალურად რაც შეეხება, მე უფრო მაინტერესებს ამ საქმეში ისიც ბოლომდე გამოვიკვლიო რა როლს ასრულებდა რეალურად მ.კ. და თვითმხილველები იმიტომ გვჭირდება და არა რაღაცა მიზეზებისთვის. მე უფრო მაინტერესებს მას ეჭირა თუ არა დანა და დააფარა თუ არა ხელი ვინმემ. თუ რაღაც არ დადასტურდა, ჩვენ ახლა აპრიორი რაღაც პოლიტიკური ქულები დავიწეროთ, რომ ვიღაც დავსაჯოთ ასეც არ შეიძლება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომისიის სხდომაზე განმარტებები ოთარ კახიძემ გააკეთა. მან თქვა, რომ რეკომენდაციის გაცემა არ ნიშნავს დევნის დაწყებას. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ კონკრეტული პირის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება არა თუ ნაჩქარევი არამედ დაგვიანებულია.
„პროკურატურის დისკრეცია არის დევნის დაწყება. რეკომენდაციის გაცემა არ ნიშნავს დევნის დაწყებას. ჩვენ სისხლის სამართლებრივ დევნას არ ვაწარმოებთ. ჩვენ არავის არ ვსჯით. ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალებს და ამ საქმის მასალების შესწავლაზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არიან დაკითხული პირები და ეს საკმარისია დევნის დასაწყებად.