ტბა, სადაც ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს, ხაშურიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთმა მწყემსმა ხელოვნურად დაგუბებული წყლის ნაპირთან მოზარდების ტანსაცმელი და ორი ველოსიპედი შენიშნა. ამის შემდეგ, მწყემსმა დახმარებისთვის მაშველებს მიმართა.
მწყემსის თქმით, შემთხვევა დაახლოებით საღამოს საათებში მოხდა. მისი თქმით, დაგუბებული წყლის სიღრმე საკმაოდ დიდია და ვარაუდობს, რომ წყალში შესული ერთ-ერთი მოზარდი ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, მის დასახმარებლად კი მეორე მათგანი წყალში შევიდა, რის შემდეგაც ორივე მოზარდი დაიღუპა.
„ასე დავათვალიერე, მაგრამ არ ჩანს არაფერი, თორემ შევტოპავდი, რომ დამენახა. ღამე ამოიყვანეს. ბალახი არის და შეიძლება ფეხი დაება ბალახში და მეორე მისახმარებლად რომ მივიდა, ეტყობა იმან ხელი ჩაავლო და არ გაუშვა ხელი და ამ დროს ორივე დარჩნენ აქ,“ - ყვება ადგილობრივი მწყემსი, ალბერტ ქელეხსაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბავშვები ველოსიპედებით სეირნობდნენ და ხელოვნურად დაგუბებულ ტბაშიც საბანაოდ შევიდნენ. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მათთან ერთად მესამე მეგობარიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, მოზარდებმა ცურვა არ იცოდნენ.