ზაზა სარალიძის პროტესტის ახალ ფორმა - ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას მოკლული მოზარდის მამამ მჯდომარე აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს. კალანდია დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება სამჯერ შეცვალა. შვილმოკლული მამა ეჭვობს, რომ კალანდიას უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
მიხეილ კალანდიას წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მთავარი მოთხოვნაც არის. უმცირესობის წევრები, როლებიც კომისიის უმრავლესობაში არიან საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კალანდიას პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. “ევროპული საქართველო” ეს მოთხოვნა დღეს კომისიის სხდომაზე დაპირისპირების მიზეზიც გახდა. “ქართული ოცნება” კალანდიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას ნაჩქარევად მიიჩნევს და მხარს არ უჭერს.
დროებითი საპარლამენტო კომისიის უმრავლესობა კიდევ ერთ რეკომენდაციას გასცემს. დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, მამა შიო მენაბდის შვილის საქმეზე.
დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავაც გამოკითხეს. კომისიის წევრებს აინტერესებდათ რა ინფორმაცია აქვს მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს. მათ შორის ინციდენტში მონაწილე მოზარდებთან სატელეფონო ჩანაწერებსა და ხორავას ქუჩის 4 ნომერში, იმ ფარდულის დანგრევის შესახებ, სადაც დავით სარალიძეს 12 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.