21 საგამოცდო ცენტრისთვის 900 კონდიციონერის შესაძენად მთავრობამ 2 მილიონი ლარი გამოყო. პრემიერის ბრძანებით, რომელიც პარასკევს გამოიცა, განათლების სამინისტრომ საგამოცდო ცენტრებისთვის გაგრილების სისტემა 20 დღეში უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს. განათლების სამინისტრომ შესყიდვები დღეიდან დაიწყო.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის მთავარ მიზეზად ჰაერის მაღალ ტემპერატურას ასახელებს. „ნაციონალური მოძრაობაში“ დაიანგარიშეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს კონდიციონერების შეძენა ორჯერ ძვირი დაუჯდება.
პრემიერის ბრძანებით, განათლების სამინისტროს ერთი კონდიციონერის შესაძენად 2200 ლარზე მეტი გამოეყო, რაც საშუალო სიმძლავრის ტექნიკის საბაზრო ღირებულებას საგრძნობლად აღემატება.
ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ გაგრილების სისტემის გარეშე უკვე ჩაიარა. საგამოცდო ცენტრებში დღეს ტემპერატურას მობილური ვენტილატორების საშუალებით ებრძოდნენ, თუმცა, აბიტურიენტების თქმით, ჰაერის გამაგრილებლებს, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და რეალურად, საგამოცდო სექტორებში ცხელოდა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.