ხარაგაულის 10 სოფელს მგელი შეესია. ათობით ოჯახი შინაური პირუტყვის გარეშე დარჩა. მხოლოდ სოფელ ლეღვანში ბოლო პერიოდში მგლებმა 20 სული საქონელი გაანადგურეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხე უკვე მათ სიცოცხლესაც ემუქრება. ხალხმა ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს.
როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი ხელისუფლებაც თავის მხრივ დახმარებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან და რაიონის მერისგან ითხოვს. უკვე 5 წელია შესაბამისი თხოვნით ამ უწყებებში წერილები იგზავნება, თუმცა დღემდე არცერთ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია
მგლების შემოსევას ებრძვიან ხარაგაულის რაიონის სხვა სოფლებშიც, ბაზალეთსა და ხემაღალაში მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლა აშინებს.
ხარაგაულის მოსახლეობა მგლების მოკვლის ოფიციალურ ნებართვას ითხოვს. ხელისუფლების უყურადღებობის პირობებში, მათთვის ერთადერთი გამოსავალი მგლებზე გამოცხადებული ნადირობა იქნება.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.