ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრი, დავით ხომერიკი, ფოთის თეატრის დროულ რეაბილიტაციას მოითხოვს.
ფოთში თეატრი მიმდინარე წლის იანვრიდან არ ფუნქციონირებს. შენობა ავარიულია, ჭერი ჩამოინგრა და ყველა სახის სამუშოები შეჩერებულია.
ივლისში ფოთში რეგიონული თეატრების ფესტივალი იგეგმება, შენობის ავარიულობის გამო კი, სპექტაკლები ქუჩაში სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ადგილობრივ ხელისუფლებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დაწყებას მოუწოდებს და ხელისუფლებას ტენდერების შეგნებულ ჩაშლაში ადანაშაულებს.
„შეგნებულად ხდება ტენდერების ჩაშლის პროვოცირება, რადგან ამ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხა პირდაპირ პროპორციული იქნება ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის,“ - განაცხადა დავით ხომერიკმა.
ფოთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოეხმაურა ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თემურ დუნდუა და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან უკვე აწარმოებენ.
„ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემდეგ უკვე შევისყიდით პროექტს და რა ღირებულების იქნება პროექტი და რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო რომ დადებს, უკვე გვეცოდინება კონკრეტულად ყველაფერი,“ - განაცხადა თემურ დონდუამ.
ფოთის თეატრის მშენებლობისთვის 11 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა და მშენებლობა 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, გახსნიდან რამდენიმე წელიწადში კი შენობა ავარიული გახდა. შენობის ავარიულად გამოცხადების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, მაგრამ თანხის სიმცირის გამო, ორივეჯერ ჩაიშალა.