"ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ვერსიებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა," - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ხორავას საქმეზე" გამომძიებელმა ფიფიამ ისაუბრა.
როგორც ფიფიამ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, მაშინ, როცა დავით სარალიძემ გ.ჯ. ფარდულში შეაგდო, მას ფარდულში მყისიერად მ.კ და ასევე, დ.ღ. შეჰყვნენ.
კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელ ფიფიას პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტება მოასმენინეს, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ფარდულში დავით სარალიძეს ჭრილობებს აყენებდნენ, მ.კ. ამას ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით ხედავს და ფარდულისკენ მიემართება.
როგორც ირაკლი ფიფიამ ზვიად ფხაკაძის ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა, პროკურორი, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობოდა, რომელსაც თავად არ იცნობს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა ბედოიძემ, კი ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურორს შესაძლოა საუბრის დროს ინიციალები შეეშალა.