17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ჩვენ ვცდილობთ სიგუასთან დაკავშირებას, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს - "ევროპული საქართველო" იოსებ სიგუას ავადობის დამადასტურებელ ცნობას ითხოვს

„ეს არის უპატივცემულობა კომისიის მიმართ და არის კანონის დარღვევა, პირდაპირ მინდა, გითხრათ და ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, რას ნიშნავს ეს. ეს არ არის ნინიას ბაღი,“ - ასე გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსის არმისვლას.

სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არ პასუხობს ის კომისიის წევრების სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ბატონ იოსებ სიგუას. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, არც გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე არ პასუხობს. ჩვენ მისგან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია, თუ რატომ არ არის დღეს ის აქ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა უპასუხა.

შალვა ბედოიძის განცხადებით, იოსებ სიგუას აქვს მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ვერ შეძლო კომისიის სხდომაზე მისვლა.

ევროპული საქართველოს წევრებმა იოსებ სიგუას ავადმყოფობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა მოითხოვეს, რაზეც შალვა ბედოიძემ განმარტა, რომ სიგუა იმყოფება კლინიკაში გამოკვლევებზე და ის შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.

კომისიის წევრების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სხდომას არ ესწრება იოსებ სიგუა, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები