თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და "ხორავას ქუჩის" საქმის გამომძიებელი უკვე რამდენიმე საათია, საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობენ.
ერთ-ერთი საკითხი, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდნენ, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი სასულიერო პირის შვილია. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, იკითხა, რატომ არ ჩაუტარა მოზარდს დროულად ექსპერტიზა.
„თქვენთვის როგორ არის ცნობილი, მიმართა თუ არა მან სამედიცინო დაწესებულებას და ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართა თუ არ მიმართა, ამ დროს გამოძიების ვალდებულებაა, დანიშნოს სასამართლო ექსპერტიზა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე საქმის გამომძიებელმა უპასუხა.
ირაკლი ფიფიას განცხადებით, დაჭრილ მოზარდს ექსპერტიზა დაგვიანებით მისი ადვოკატის და კანონიერი წარმომადგენლის მოუცლელობის გამო ჩაუტარდა.
„რამდენიმე დღე დავკარგეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ის არის არასრულწლოვანი. შესაბამისად, მასთან ჩატარებულ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებას, ასევე ექსპერტიზაზე წარდგენას სჭირდება კანონიერი წარმომადგენელი. ასევე მას ჰყავდა ადვოკატი და კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის მოუცლელობის გამო, მას რამდენიმე დღე ვერ ჩაუტარდა,“ -განაცხადა ირაკლი ფიფიამ და აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს, კონკრეტულად ვინ მიაყენა ჭრილობა, რადგან ის ამ დროს ცდილობდა ფარდულიდან დავით სარალიძის გამოყვანას.