17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ზაზა სარალიძის მჯდომარე პროტესტი დასრულებულია - ის ადასტურებს, რომ შსს-ში შეხვედრის თემა მიხეილ კალანდია იყო

ორდღიანი მჯდომარე აქციის შემდეგ ზაზა სარალიძემ შსს-ს ეზო დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეხვედრა უწყების მაღალჩინოსნებთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ დაპირება მიიღო, რომ კვირის ბოლომდე ხორავას საქმეზე შსს რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნიშნავს თუ არა ეს ახალ ბრალდებულებს, ზაზა სარალიძე არ აკონკრეტებს, თუმცა, ადასტურებს, რომ სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მთავარი თემა მიხეილ კალანდია იყო.

ზაზა სარალიძეს კვირის ბოლომდე პროკურორებიც შეხვდებიან. სწორედ მათ უნდა წარუდგინონ ბრალი საქმის ფიგურანტებს.

ვიდრე ზაზა სარალიძე შს მინისტრის მოადგილეს ხვდებოდა, პარალელურად მიმდინარეობდა საგამოძიებო კომისიის სხდომა პარლამენტში, რომელზეც დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, არ მივიდა, მიზეზად კი მისი ავადმყოფობა დასახელდა. სიგუამ არ უპასუხა არც საგამოძიებო კომისიის წევრების სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.

კომისიის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ იოსებ სიგუა გუშინდელი მწვავე კითხვების შემდეგ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და დეპუტატების კითხვებს განზრახ გაურბის.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ ეს კანონდარღვევაა და დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელთან ახლა კიდევ უფრო მეტი შეკითხვა აქვს.
 

დღის ამბები