მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში უკვე აშენებულ და დაკომპლექტებულ საბავშვო ბაღებში ორი წელია, ბავშვებს არ უშვებენ.
სოფელ სადახლოს საბავშვო ბაღის დარაჯმა "კურიერთან" საუბარი მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც სოფლის მაჟორიტარის დეპუტატისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ გადამღები ჯგუფი ტერიტორიაზე არ დაეშვა. ბაღის შენობა უკვე ორი წელია, აშენებულია, თუმცა დღემდე მასში მხოლოდ დარაჯი მუშაობს, ბაღი პატარებისთვის დაკეტილია.
საბავშვო ბაღის შენობა სადახლოში საერთაშორისო დონორების თანადაფინანსებით 2015 წელს აშენდა. ადგილობრივებს უკვე ორი წელია, ჰპირდებიან, რომ ბავშვები მათსავე სოფელში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, თუმცა დაპირება სხვადასხვა მიზეზით არ სრულდება.
სადახლოს მსგავსად, მარნეულის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში საბავშვო ბაღი იმავე პროექტის ფარგლებში აშენდა. ალგეთში ორი წლის წინ საბავშვო ბაღის შენობის ასაშენებლად ნახევარ მილიონ ლერზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ბაღი არ ფუნქციონირებს.
მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა "კურიერთან" დადო პირობა, რომ სექტემბრიდან ორივე ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, თუმცა მას პროექტის დეტალებზე საუბარი უჭირს.
მერის პირობის მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის ცენტრში 100 პროცენტიან გარანტიას რომ ბაღები ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება, ვერ იძლევიან.
ავტორი: ჯეუხუნ ნარზალოვი.