„იცრუა ამ ადამიანმა, ნებისმიერ შესყიდვაზე კონტრდაზვერვითი ფუნქციებით აღჭურვილი დეპარტამენტი შიგნით თავდაცვის სამინისტროში ვალდებულია შეამოწმოს ყველა დეტალი,“ -ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი, მურთაზ ზოდელავა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის, განმარტებას, რომ უწყებისთვის უცნობი იყო, ვინ იდგა კონკრეტული კომპანიის უკან, როდესაც დევრიშაძე ტენდერებს იგებდა.
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა უცხო ქვეყნებიდან შესყიდვების გაკეთება თავდაცვის სამინისტროს, როდესაც არსებობდა დელტა და ქართველ ჯარისკაცებს ეცვათ მისი შეკერილი ტანსაცმელი.
მისივე თქმით, ეს არის ჯარისკაცების შეურაცხყოფა, როდესაც ჯაშუშები იღებენ მილიონებს და ჯარისკაცებს თავგანწირვისთვის ეძლევათ მხოლოდ პენსია.
„ჯარისკაცებს ვეუბნებით, რომ იომეთ თავგანწირვით და თქვენ, მაქსიმუმ, რაც შეიძლება, გაგიკეთო, პენსიაა და სამაგიეროდ, ათას სპეცსამსახურზე გადამხტარი, პირდაპირ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული მიიღებს მილიონებს, თქვენ მიიღებთ არაფერს. ამას ეუბნებიან ჯარისკაცებს,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.